აღკვეთის ღონისძიებები, საგამოძიებო მოქმედებები და საპროცესო შეთანხმებაზე სათანადო სასამართლო კონტროლის განხორციელება და პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არსებული ხარვეზები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახურ, ნარკოტიკულ და სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს. საია-ს ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე პირების დაკავებულის სტატუსით წარდგენამ. გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. პრობლემად სახელდება პატიმრობისა და გირაოსაგან განსხვავებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იშვიათად გამოყენება. საია-ს ბოლო სამ ანგარიშში საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზე. კვლევის მიხედვით, სასამართლო, უმეტესად, ისე ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, რომ სხდომაზე არ მსჯელობს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია შუამდგომლობაში ასახული სასჯელი.