ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

01 აპრილი 2021, 12:52 803 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 31 მარტს 18:00 საათზე დასრულდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში