1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე რეფერენდუმი ჩაატარა. კითხვას „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძვველზე - საერთო სახალხო კენჭისყრაში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა. რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მასში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 302 ატას 572 ადამიანს შეადგენდა, რაც მაშინდელ ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი იყო. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.