ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს - პრემიერი

25 მარტი 2021, 16:50 1028 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე იმყოფებოდა, სადაც ბალახის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
''ჰიბრიდული მინდვრის მოწყობის პროექტი სტადიონის მშენებელმა კომპანია "ანაგმა"  საკუთარი სახსრებით შეასრულა. ჰიბრიდული მინდორი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია "SISPICHES"-მა მოაწყო, რომელსაც  ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები. 

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი, გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტადიონმა უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს გაიმართება. ასევე, გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ბათუმის ახალ სტადიონზე დამონტაჟდა ე.წ ხელოვნური მზე, რომელიც მინდვრის საფარის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს და სრულად შეესაბამება უეფას მოთხოვნებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი