ვაშლიჯვრის ფერდობზე სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს - კახა კალაძე

24 მარტი 2021, 11:48 650 ნახვა

თბილისის მერის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე დაწყებული მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემით გაკონტროლდება.

მისივე განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არის და სიტუაცია კონტროლირებადია.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არის ის, რომ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალში არის დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღეს ექსპერტებს მოუწოდა, თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფში და მონაწილეობა მიიღონ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში