ვიმედოვნებთ, დისკუსიები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით - ირაკლი კობახიძე

15 მარტი 2021, 22:57 839 ნახვა

გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"კონსულტაციები გრძელდება, ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროვებთ დეტალებს, შესაბამისად გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა კონკრეტული მიმართულებებით წინ წაწევას ნიშნავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, მხოლოდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

"ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა და შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მხოლოდ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის რა თქმა უნდა პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა და ბუნებრივია ეს აისახება თვითონ შეთანხმების პუნქტებზეც. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე კვლავაც იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი