"შეაჩერეთ ამბასადორის უკანონო მშენებლობა“ - აქცია განათლების სამინისტროსთან

04 მარტი 2021, 14:17 992 ნახვა

„შეაჩერეთ ამბასადორის უკანონო მშენებლობა“- ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის  წინააღმდეგ,  განათლების სამინისტროსთან, მორიგი აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეები აჭარის განათლებისა და კულტური მინისტრს მაია ხაჯიშვილს მშენებლობის შეჩერებასა და მშენებლობაზე გაცემული ნებართვის ბათილად ცნობას სთხოვენ. 

,,მინისტრს შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სააგენტოს დირექტორმა. რამდენადაც, მინისტრი გახლავთ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზემდგომი უწყება მისი გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს.  მოვუწოდებთ მინისტრს, რომ მიიღოს სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება'' - აცხადებს საზოგადოება "ბათომის" საინიციატივო ჯგუფის წევრი შოთა გუჯაბიძე 

ბულვარის დამცველები მინისტრს ვადას პარასკევამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხზე საზოგადოება „ბათომი“  სასამართლოში დავას დაიწყებს.

​" შენობის ფუნქცია შეცვლილია, ის იყო ბალნეოლოგიური ცენტრი და ახლა ის არის სასტუმრო, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ შეეცვალა ფუნქცია და ამაზე უნდა გაცემულიყო ახალი ნებართვა, თავიდან უნდა გაევლო ყველა ინსტანცია. პროცესი თავიდანვე იყო სამართლებრივად არასწორად წარმართული.  მივმართავთ, მინისტრს, რომ გააბათილოს ნებართვა სანამ დავა გრძელდება და პარასკევამდე აუცილებლად შეაჩეროს მშენებლობა. პარასკევამდე, იმიტომ რომ სასამართლოშიც, შეჩერების ესეთ ნებართვებზე გადაწყვეტილებას იღებენ ლოგიკურ სამ-ოთხ სამუშაო დღეში და ეს ვადა გადის პარასკევს. იქ 6 სართული უკვე აშენდა, ჩვენ სტრასბურგშიც რომ მოვიგოთ სახელმწიფოს უწევს ამ თანხის გადახდა, რაც ინვესტორმა უკვე დახარჯა. ინვესტორი რჩება მოგებული, ვაგებთ ჩვენ და სახელმწიფო" - აცხადებს "დაიცავი ბათუმის ბულვარის" საინიციატივო ჯგუფის წევრი ირმა ზოიძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი