ქობულეთის საკრებულომ ოპოზიციის ორ წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტა

26 თებერვალი 2021, 13:30 910 ნახვა

დღეს, ქობულეთის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორ წევრს ბონდო თედორაძეს და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაწყვეტილებას მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა. 2 წინააღმდეგი იყო. საკითხი ურთიერთბრალდებების და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე განიხილეს

საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, მიზეზი ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრების მიერ სხდომების ხშირი გაცდენებია. 

"ეს 6 თვე იყო  ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი,  განიხილებოდა ფინანსური საკითხები, დამტკიცდა ბიუჯეტი. ვერ მივიღებთ არგუმენტად მიზეზს, რომ დადიოდა და მოსახლეობას ხვდებოდა. საკრებულოს სხვა წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აწარმოებენ და ბიუჯეტის დამტკიცებაშიც მიიღეს მონაწილეობა,"- განაცხადა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა.

ოპოზიციის წევრები კი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

"იმედი გქონდა, რომ ყველა წარდგენილი დოკუმენტს გაითვალისწინებდა იურიდიული კომისია და საკრებულო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არგუმენტებია, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და არ ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს, გასული წლის ბიუჯეტის განხილვისას არცერთი მათი წარმოდგენილის წინადადება არ გაუთვალისწინებია უმრავლესობას" - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მერაბ ცინცაბაძე.

ქობულეთის საკრებულოში სულ 35-დეპუტატია. აქედან, 6-ნაციონალური მოძრაობის წევრია და ერთი პატრიოტთა ალიანსიდან და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია. უფლებამოსილების შეწყვეტისთვის კი 19 ხმა იყო საჭირო.

პროცედურულად, თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, მის ადგილს საკრებულოში პარტიული სიით მომდევნო წევრი დაიკავებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში