ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში პროკურატურა მზადაა სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

25 თებერვალი 2021, 18:06 950 ნახვა

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

"2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბრალდებულ ნიკანორ მელიას დამოკიდებულება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისადმი და ზოგადად მართლმსაჯულებისადმი. ნიკანორ მელიას საჯაროდ დეკლარირებული პოზიცია, რომ შეგნებულად არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ განზრახ არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებული გირაოს თანხას, წარმოადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისადმი ნიკანორ მელიას დამოკიდებულებას. მისი ქმედებები და საჯარო განცხადებები, არღვევდა არამხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების არსს, არამედ წინააღმდეგობაში მოდიოდა პრაქტიკულად ყველა სამართლებრივ პრინციპთან, ასევე, მიმართული იყო მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციისაკენ.

სასამართლო გადაწყვეტილებისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ გამორიცხა ნიკანორ მელიას სათანადო ქცევის გონივრული მოლოდინი, შესაბამისად გამოირიცხა ყველა შესაძლო ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა. ნიკანორ მელიას დამოკიდებულება, კანონთან კონფლიქტში მყოფი ქმედების შესაძლო განხორციელების ერთგვარ წახალისებასაც წარმოადგენდა. მსგავსი დამოკიდებულება არ შეიცავს პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს და მას დემოკრატიულ საზოგადოებაში არ და ვერ ექნება კანონისმიერი გამართლება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით. სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა მოცემულ შემთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკანორ მელიას მიმართ.

მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას. ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, რასაც ბრალდება ყოველთვის უსვამდა ხაზს არამარტო სიტყვით, არამედ ამ მიმართულებით მიღებული თითოეული გადაწყვეტილებითა და განხორციელებული ქმედებით. უფრო მეტიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა, ვინაიდან მის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას არ შეეცვლებოდა გირაო პატიმრობით.

მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა - ის რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში