საქმეში ჩანს საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების გულგრილობის ნიშნები - სამოქალაქო ორგანიზაციები 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე 

12 თებერვალი 2021, 13:15 1258 ნახვა

სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგონაზე შესაძლო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებულ განცხადებაში  წერია, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.

აღნიშნულ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკები და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები, ასევე აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. 

ხელმომწერი ორგანიზაციები სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ:

- ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორცმის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.

- გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში;

- ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ დანაშაულთა დროულ იდენტიფიცირებას, ეფექტურ გამოძიებას და სისხილსსამართლებრივ დევნას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით. 

ასევე მიმართავენ საქართველოს მთავრობას:

- საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია დასამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;

- განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას.

- უზრუნველყოს, რომ იმ საქმეებზე, სადაც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, განსაკუთრებით სქესობრივი დანაშაულის შემთხვევებში, ექსპერტიზა მაღალი მგრძნობელობით, დროულად და ჯეროვნად ჩატარდეს.

- დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები, მსხვერპლის სპეციალური საჭიროებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებსშორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა, შექმნას შესაბამისი სერვისები როგორცთბილისში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი