საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით ზაზა გახელაძის პატიმრობაში დატოვება არის უკანონო გადაწყვეტილება.
თეა ახვლედიანის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გახელაძის და სხვა პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოხდეს.
''ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი, როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.
საკითხი კონტროლზეა აყვანილი, ამ პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელბმა და მე გავმართეთ არაერთი შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, როგორც მანამდე, ასევე უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ჯამში ამ შეხვედრას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა.
ჩვენ, ასევე გვქონდა, წერილობითი კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეების სრულ ჯგუფთან და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ცალსახად დაგმობილია ეს ფაქტი და ასევე მიმდინარეობს მსჯელობა როგორ გავაუმჯობესოთ ვიპოვოთ გზები, რაც უზრუნველყოფს ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებელ გათავისუფლებას'' - განაცხადა ახვლედიანმა.