საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ფრენები 15 თებერვლიდან გააქტიურდება. ნათია თურნავას თქმით, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ტურისტები გამარტივებული წესებით შემოვლენ დაემატა თურქეთი.
''გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ 15 თებერვლიდან გააქტიურდებიან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან კარგი, ნათელი და მკაფიო წესები გვაქვს ქვეყანაში შემოსვლის და საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.
ადრეც განვაცხადეთ, რომ ეს წესები გარკვეულწილად შემსუბუქდა, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვისაც აქვს სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა, დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში და ასევე გვაქვს დადგენილი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მოქალაქე შემოდის კორონავირუსზე ნეგატიური PSR ტესტის პასუხით და ვალდებულია საქართველოში მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება.
ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე და იცვლება. გააჩნია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას. ჩვენი ამოცანაა ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ დაიწყოს ნელ-ნელა ამოქოქვა.
ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც პისიარ ტესტით შემოდის ვიზიტორი ემატება თურქეთი, ჩვენი დიდი მეზობელი, აქედანაც ველოდებით მოქალაქეებს გამარტივებული წესებით'' - განაცხადა ნათია თურნავამ.