კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განიხილა, ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის აღსრულების საკითხი.
როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით ხუთი სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული სამი ადამიანისგან შედგება – ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის სამი კვირის შემდეგ დაიბარებენ. როგორც შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, 40 ბრიგადა დღის განმავლობაში 1 000-მდე ადამიანის აცრას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილეს Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ. ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა. აღინიშნა, რომ მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი – მინუს 70-80 გრადუსი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა. შესაბამისად, გაგრძელდება პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრა; მათ მოჰყვებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი, ხოლო შემდეგ – ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. აცრა ნებაყოფლობითია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ვაქცინის პირველი დოზების მიღებისთანავე ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით ასევე განისაზღვრა აცრების ჩატარებასა და ვაქცინის ლოგისტიკაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, რაც ეკონომიკის გახსნის, სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.