საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რესტორნების გახსნა საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ნათია თურნავას თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინეს და ღია კაფეების გახსნა დაუშვეს.
მინისტრი ამბობს, რომ ღია კაფეებში კონტროლი მკაცრი იქნება და საჭიროების შემთხვევაში რეგულაციები გადაიხედება.
''რისკი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ბუნებრივად, რესტორანში მყოფები ვერ იკეთებენ პირბადეს და ამ დროს კონტაქტის და ინფიცირების რისკი არის მაღალი. თუმცა, მხოლოდ აჭარაში, ღია სივრცეებში ხდება კაფეების გახსნა. მკაცრი კონტროლი მოხდება, რომ ეს იყოს მხოლოდ კაფეში უბრალოდ სტუმრობა და არა დიდი, ხალხმრავალი ღონისძიება. ეს დარღვევა იქნება და ამას არ დავუშვებთ.
გარდა ამისა, ახალი რეგულაცია შედის ძალაში და მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ რესტორანში დასაქმებულების რეგულარული ტესტირება მოხდეს. ეს სავალდებულო იქნება. ეს არის მთავარი დაზღვევა, თუ დავინახეთ, რომ ეს ნაბიჯი გართულებას იწვევს მოგვიწევს გადახედვა'' - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მისცემს, აჭარის მსგავსად, შეზღუდვების შემსუბუქება სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.
მინისტრმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია.
''რაც შეეხება რესტორნების მძიმე მდგომარეობას, ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ და გვაქვს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, თუნდაც იმ დონეზე, რომ მათი ყველა პრობლემა ვიცით. ეს კვირა ეკონომიკურმა გუნდმა სწორედ ბიზნესთან კომუნიკაციას მიუძღვნა. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგორც კი ეპიდვითარებიდან გამომდინარე საშუალება გვეძლევა, ამა თუ რეგიონს და საქმიანობას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ჩვენ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდე არსებულ ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ნაბიჯებს ეტაპობრიობა უნდა ახასიათებდეს.
პირველი თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდი მაღაზიები. თუ მანამდე არ მოგვეცა ამის საშუალება იხსნებიან ბაზრობები, ვსაუბრობთ სკოლებზე და ტრანსპორტზე, რომელიც ალბათ არ მიწყენენ რესტორნები თუ ვიტყვი, რომ არის არანაკლებ და უფრო მეტად პრიორიტეტული.
სარესტორნო ბიზნესთან ვმუშაობთ და ავუხსენით, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას. იქნებ ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ გვაქვს მოლოდინი. ყოველკვირეულად ხდება დადებითობის მაჩვენებლის გადახედვა, დღეს პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, ეს უნდა შევინარჩუნოთ.
აქედან გამომდინარე კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს. გვესმის მათი პრობლემების, გვესმის რომ მათი პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტია. ვეცდებით, რომ როგორც კი მოგვცემს ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას, ღია სივრცეები და რესტორნები სრულად გავხსნათ'' - განაცხადა თურნავამ.