ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და დახმარებას ითხოვენ 

22 იანვარი 2021, 17:12 3654 ნახვა

ტვირთმფლობელსა და გემთმფლობელს შორის არსებული უთანხმოების გამო უკვე 2 თვეა ქართველი მეზღვაურები ომანში ქალაქ სოჰაში იმყოფებიან და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ პასპორტები ჩამოართვეს. ზურა თურმანიძის თქმით, კომპანია მეზღვაურებს სთხოვს, რომ გემი სხვა ტერიტორიაზე არალეგალურად გადაიყვანონ. ასევე გემთმფლობელისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ საკვების მიწოდებას შეაჩერებენ და ხელფასების გადახდაც შეწყდება. 

მეზღვაურები ამბობენ, რომ შეზღუდული აქვთ წვდომა ინტერნეტთან.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სულ 25 მეზღვაურია, მათ შორის 15 ქართველი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წერილობით გვიპასუხეს. უწყების ცნობით, საკითხის მოსაგვარებლად მხარეებთან აქტიურად მუშაობენ. 

''19 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით მომართეს, რაზეც მყისიერად დაიწყო რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავის გამო გემი გაჩერებულია ომანში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს საქმეში ჩართულ ყველა მხარესთან, როგორც მეზღვაურებთან, ასევე გემთმფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში. შესაბამისად, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურები ამ ეტაპზე არიან ნორმალურ პირობებში, აღსანიშნავია, რომ მათთვის ხელფასის გადახდა ხდება ჩვეულ რეჟიმში.

პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანურ მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით. საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, რაც მოითხოვს გარკვეულ პერიოდს, მეზღვაურები შეუფერხებლად დაბრუნდებინ ქვეყანაში'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი