ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობაზე კომპანიას საბჭოს წევრთა უმრავლესობა დათანხმდა 

21 იანვარი 2021, 17:08 5842 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს უმრავლესობა თანახმაა კომპანია „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში დაწყებული მშენებლობა 16 სართულამდე გაზარდოს.  საკითხზე დღეს, 21 იანვარს იმსჯელეს. 

პროექტის განხილვას ხმაური მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას საბჭოს სამი წევრის გარდა, მხარი ყველა წარმომადგენელმა დაუჭირა. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი პროექტი მისაღებია. ზაურ ახვლედიანის თქმით, ის ერთი წლის წინ წარმოდგენილი პროექტისგან განსხვავებით დახვეწილია, გარკევული დეტალები შეცვლილია და ასევე ბულვარის ლანდშაფტურ დაგეგმარებას მორგებულია. 

კომპანიამ ბულვარის ძველ ნაწილში, ე.წ. ბალნეოლოგიური კლინიკის ადგილას რამდენიმე სართული უკვე ააშენა. 

შეთანხმებული პროექტის სიმაღლის გაზრდაზე სააგენტომ კომპანიას  2019 წელს უარი უთხრა.

მ​ეოცე საუკუნის მეორე ნახევარის შენობის უკანონო დემონტაჟის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სამსართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძველ ფუნქციას შეინარჩუნებდა და ისევ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულება იქნებოდა. ნებართვის შემდეგ, შპს "ამბასადორი" რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში, რადგან  საეჭვო გახდა სამსართულიანი შენობის საძირკვლის მოცულობა. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კანონით მცირე ზომის შენობას აგებდა, საკმაოდ ღრმა საძირკველი ამოთხარა. ამის გამო, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ინვესტორს იქ მაღალსართულიანი შენობის აგება სურდა. ისინი მოუწოდებდნენ პროკურატურას, დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით. 

 

2019 წელს წარდგენილი პროექტი

ახალი პროექტი

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში