ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში დაპირისპირებული ორი მხარე, რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმდა, რომ სოფელში იქნება სიმშვიდე და მუსლიმებს ლოცვაში ხელს არავინ შეუშლის. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა აქციები გაგრძელდეს, რადგან მუსლიმი მრევლის ერთ ნაწილს არ აქვს იმედი, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდება. ისინი სახელწიფო დონეზე ითხოვენ პრობლემის გადაჭრას და სოფელში რელიგიური ლიდერების ჩასვლას. ამასთან ისინი უნდობლობას უცხადებენ ზეპირ შეთანხმებას. სოფელ ბუკნარში, მეზობლებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე 12 იანვარს საღამოს მოხდა, რის გამოც დაკავებულია ერთი ადგილობრივი, ორი კი დაპირისპირების დროს დაშავდა. მუსლიმი თემი ამტკიცებს, რომ მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ სოფელში მცხოვრები მართმადიდებლები, რასაც უარყოფენ ბრალდების ადრესატები და ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ახალი სალოცავის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. განვითარებულ მოვლენებს სრულიად საქართველოს მუფტიც გამოეხმარურა.