საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარტნიორი ქვეყნების სოლიდარობა უახლოეს პერიოდში შედეგს გამოიღებს და საქართველო ვაქცინას მალევე მიიღებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, მუდმივ კონტაქტზე არიან ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომ საქართველომ სწრაფად მიიღოს ვაქცინა, ამ მიმართულებით კი მუშაობას არ წყვეტენ. ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს ევროკომისიას. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოდიან. წერილს ხელს აწერენ აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოსა და ასევე შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.