კანონპროექტების პაკეტი ითვალისწინებს დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ მანდატებს - კობახიძე 

17 დეკემბერი 2020, 12:35 902 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც ითვალისწინებს დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პლენარულ სხდომებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი.  

''აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ  საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური ან საპარლამენტო არჩევნებისთვის გათვალისწინებული უფასო საეთერო დროით. 

გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს  შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. 

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მყოფი სხვა  პოლიტიკური გაერთიანებები არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადოდ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.  სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში