ოპოზიციური ლიდერების ერთობლივი განცხადება

09 დეკემბერი 2020, 13:06 1425 ნახვა

''აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს თითოეული წევრი, ვიცავთ და გამოვხატავთ ხალხის კანონიერ მოთხოვნას და მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული მმართველობის მისაღწევად'' - ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა გააკეთეს. 

 ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტის მანდატებზე კვლავ უარს აცხადებენ. ამბობენ, რომ ხალხის მოთხოვნას ითვალისწინებენ და გაყალბების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ. 

ოპოზიციონერი ლიდერები საელჩოებს მიმართავენ და განცხადებას ავრცელებენ. 

''მოგესალმებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც 35-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საერთო-სახალხო პროტესტის გამომხატველი მშვიდობიანი აქცია. ადგილიდან, სადაც ადამიანები 24 საათის განმავლობაში ვდგავართ უამინდობასა და სიცივეში, ადგილიდან, რომელსაც ხალხმა თავად დაარქვა "თავისუფლების კვარტალი". ეს სიტყვა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის, ვაცნობიერებთ იმას, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის შედეგია თანამედროვე ევროპული (დასავლური) ფასეულობები და ზოგადად კონსტიტუციური სამართალი!

სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წლის პლებისციტით მოსახლეობის 77%-მა ნატოში შესვლას დაუჭირა მხარი, ქვეყანაში, რომელშიც ევროინტეგრაციის ისტორიული პროცესი საზოგადოების სრული თანხმობითაა დეკლარირებული, დღეს 21-ე საუკუნის მეორე ოცწლეულის მიჯნაზე ხალხს გვიწევს საუბარი იმაზე, რომ არჩევნები საქართველოში ტოტალურად გაყალბდა!

პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები და გაცნობებთ, რომ თუ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 32 % -ში ვერ შედგა ბალანსი, აჭარაში ეს რიცხვი 54 %-ს, ხოლო ბათუმში - 80 %-ს უტოლდება! გაყალბების ასეთმა მასშტაბებმა გადაგვაწყვეტინა აჭარაში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაგვეწყო პროტესტი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით! ამ მოთხოვნის რეალურ წყაროს ხალხი წარმოადგენს, რომელთა შეკვეთაცაა გაყალბების შედეგად მიღებულ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში არშესვლა!

ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონიერ და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავსძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაელოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, ისე გამოაცხადა შემაჯამებელი შედეგები და ამით ნაცვლად განმუხტვისა, კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი. ასევე, საგულისხმოა, რომ ამ პროცესში სასამართლო წარმოდგენილია მხარედ, რაც ხელისუფლების დანაწილებისა და მის შტოთა დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება! საპროტესტო აქციების მსვლელობისას პოლიცია უხეშად არღვევს "გამოხატვის თავისუფლების" პრინციპს, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს და სასამართლო კონვეირული წესით აფორმებს მსგავს უკანონობებს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს გითხრათ, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ ღირებულებების, რომლისკენაც მიისწრაფვოდა საქართველო ისტორიულად. განა თავისუფლებისათვის მუდმივი ბრძოლა არ არის დასავლური ცივილიზაციის საფუძველი? ამიტომ, თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ,რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშვით და ჩატარების შეცვლილი ფორმატით. ხალხის უმრავლესობის პოზიცია პრინციპული და უცვლელია!'' - აცხადებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი