თუ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პარლამენტში არ შევალთ- დავით ბაქრაძე

08 დეკემბერი 2020, 16:24 683 ნახვა

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი იწყება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია და დასრულდეს  გაურკვევლობა.

"ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე და დასრულდეს ეს გაურკვეველი რეჟიმი. გახდეს საჯარო თუ ვინ რაზე თანხმდება და ვინ რას სთავაზობს, რადგან ეს გახლავთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება. ამდენი ხანი ეს არ ხდებოდა ჩვენი პარტნიორების პოზიციების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობ მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. ამ საკითხს დავაყენებთ მოლაპარაკებაზე და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ ვინ რაზე საუბრობს.

თუ რაიმე აზიანებს მოლაპრაკებების პროცესს აზიანებს ინფორმაციის დამალვა და არასწორი ინფორმაციების გამოტანა და ჩვენი  პოზიციაა, რომ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ ვინ რაზე საუბრობს. ამ საკითხს დავაყენებთ მოლაპრაკებებზე.'' 

მისივე თქმით, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ისინი პარლამენტში არ შევლენ.

,,პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე "ევროპული საქართველოს" პოზიცია არის მკაფიო. ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს. ამ მოთხოვნების გარეშე, მხოლოდ საარჩევნო ცვლილებებით, ჩვენ ვერ და არ განვიხილავთ პოზიციის შეცვლას და პარლამენტში შესვლას. მე ვერ ვისაუბრებ სხვა პარტიების სახელით.

იმ პირობებში, როცა "ქართული ოცნება" არ მოდის რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, მხოლოდ საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში შესვლა, ჩვენ ,,ევროპულ საქართველოს'', მიგვაჩნია "ქართული ოცნებისთვის" გამოსავლის შეთავაზებად, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციად. ამიტომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და იმედია არც სხვა პარტია ამას არ გააკეთებს"-განაცხადა დავით ბაქარძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში