აფხაზეთიდან დევნილი გივი მონიავა აჭარის მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. ომის ვეტერანი უკვე წლებია მეუღლესთან ერთად ჯიხურში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ღია ცის ქვეშ 2006 წელს სასტუმროების ყაზახ ინვესტორებზე გასხვისების შემდეგ აღმოჩნდა. კომპენსაცია მიიღეს, თუმცა საცხოვრებელი ფართის შეძენა ვერ მოახერხეს და ფული ბინის ქირაში დაეხარჯათ.
გივი მონიავამ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ამბობს, არაერთხელ მიმართა.
ბინის მოლოდინში მყოფი, ჯიხურში მცხოვრები ოჯახი ახლა შეშას ითხოვს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებმაც მერიას განცხადებით უკვე მიმართეს შეშას 20 დეკემბრამდე მიიღებენ.