ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს - რას ამბობენ სამშობიარო სახლში 

04 დეკემბერი 2020, 14:27 2891 ნახვა

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც საკეისრო კვეთა, ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში გაიკეთა. მოგვიანებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, კლინიკა ,,მედინაში'' გადაიყვანეს. 

გარდაცვლილის დედა მომხდარში სამშობიარო სახლის მედპერსონალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რაც მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა. 

დედა ყვება, რომ ექიმები პაციენტთან 24 საათში ერთხელ შედიოდნენ. ოჯახის ახლობლები ასევე ავრცელებს მიმოწერასაც, სადაც რუსუდან კოკობინაძე მეგობარს წერს, რომ შეუძლოდ არის და ყურადღებას არ აქცევენ. 

გარადცვლილის დედა ითხოვს, პასუხი აგოს ყველა ექიმმა და ექთანმა, რომელიც 19 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მორიგეობდა.  

''23 ნოემბერს საკეისრო ჰქონდა დაგეგმილი, ექიმი თბილისში ჰყავდა და ის მკურნალობდა. სად ნახა ეს ვირუსი არ ვიცი. თავს უფრთხილდებოდა, არსად არ დადიოდა. არც ქმარს უშვებდა გარეთ. საავადმყოფოშიც მხოლოდ ექოსკოპიაზე და კვლევებზე დადიოდა. მივიდა ბაუ-ში და მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები, მანამდე არაფერი არ სჭირდა. აიღო ტესტი და 18 ნოემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი, 19-ში გადაიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში. 

მე ვთვლი, რომ იქ დააგვიანეს მკურნალობა. ერთი კვირა იქ იწვა, ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა. მერე სიცხეები ჰქონდა.  თურმე, ყელი გადაეკეტა.  არცერთმა ექიმმა არ მოიკითხა და რატომ? ან უფროსთან ან დირექტორთან... 

კლინიკის ხელმძღვანელთან მეც მქონდა საუბარი, მეუბნებოდა კარგად არის, კარგად არისო. უფრო წინსვლა გვექნებაო. ასე რომ მეუბნებოდა აღარ დავაჩქარე პროცესი. ვეკონტაქტებოდი, ვწერდი. არ უნდოდა საუბარი, ვერ იყო კარგად. ელოდებოდა რომ კორონასგან განიკურნებოდა და გამოუშვებდნენ სახლში. 

შვილი მეუბნებოდა გატყუებენ დედა არავინ არ შემოდისო, ღამით ექთანი ერთხელაც არ შემოიხედავსო. ვიფიქრე კორონა არის და თავს არიდებენთქო, მაგრამ ასეთ მძიმე პაციენტთან ხომ უნდა შეხვიდე. ვითხოვდი, 23 ნოემბერს დაგეგმილი ოპერაციის გაკეთებას,მაგრამ არ გაუკეთეს.მგომარეობა რომ დამძიმდა, მერე, მივიდა დირექტორი უნგიაძესთან და თხოვა საკეისრო გავაკეთოთო. უკვე ძალიან მძიმედ იყო. უნგიაძე მიიწვიეს და საკეისრო იქ გაუკეთეს, სამშობიაროში. 

ნუგზარს, რომ დავურეკე სასწრაფოდ კატეზე გადავიყვანოთთქო, არა ეს მკურნალობით მიდის და უკეთესობა არისო. ხვალ კიდევ კარგად იქნებაო..... დავურეკე და ვუთხარი ილოცეთ, რომ ჩემი შვილი გადარჩესთქო'' - ჰყვება გარდაცვლილის დედა. 

ბათუმის სამშობიარო სახლში კომენტარი იურისტმა გააკეთა. სიმონ ასათიანი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მოგვიანებით გართულდა და რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო. მიღებული გადაწყვეტილებები - საკეისრო კვეთა და ,,მედინაში'' გადაყვანა ყველაფერი ოჯახთან შეთანხმებით ხდებოდა. 

რაც შეეხება, გავრცელებულ მიმოწერას, იურისტი ამბობს, რომ ბრალდებების შესახებ ინფორმირებული არ არის. 

''პაციენტი შემოვიდა კოვიდ დადასტურებული, მოხდა სამეანო კუთხით ჩარევა. გაუკეთდა საკეისრო კვეთა და ახალშობილი კარგად გრძნობს თავს. დედის მდგომარეობა შემდეგში გართულდა, არა სამეანო კუთხით, არამედ კოვიდის მიმართულებით, მოხდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა და როგორც ჩემთვის ცნობილია მას 24 ქულიდან ჰქონდა 22 ქულა ფილტვების დაზიანებაზე. ფილტვების 95% ჰქონდა დაზიანებული. 

აღნიშნულ ინფექციას ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უმკლავდება, ყველას იმუნიტეტი სხვადასხვაა. 

კოვიდინფექცია გაურთულდა, მოხდა რეანიმაციაში, მკურნალობის კუთხით არ დაკლებია არაფერი. თუ დაინტერესდება შესაბამისი ორგანოები მისი სამედიცინო ისტორით, დანიშნულებისა და ჩატარებული მკურნალობის ნახვის მერე მარტივი იქნება დასკვნის გაკეთება'' - ამბობს იურისტი. 

რაც შეეხება ახალშობილს, ის უკვე სახლში გაწერეს. ბიჭს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი