აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს, არიან დაშავებულებიც

30 ნოემბერი 2020, 15:20 1269 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციაზე, დაპირისპირების დროს 1 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია. კიდევ ერთ პირზე კი შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე აქტივისტიც.  დაშავებული ერთი პირი კლინიკა "მედცენტრშია" გადაყვანილი. ექიმის განმარტებით, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

"ხელისუფლება აღარ არსებობს, მოხდა ადამიანების დაკავება იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძემ ვერ აიტანა ის ბუშტები, რომლებსაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭები პერფომანსის ფარგლებში უშვებდნენ. მან დაავალა კოტე ანანიაშვილს ეს ახალგაზრდები დაერბია. მინდა ამ ადამიანს შევაგნებინო, რომ ის არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თუ ის არ ემორჩილება კანონს და არ ითვალისწინებს იმას, რაც კანონით ევალება, შევეცდებით პოლიციის კორდონს მიღმიდან გავაგონოთ ხმა. გვინდა შეხვედრა" - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი​ს განცხადებით დაკავებულია 1 პირი, პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო.

"შენობაზე ბუშტები ქონდათ დამაგრებული, მივიდა სამთავრობოს თანამშრომელი მოუწოდა, რომ მოეხსნათ ეს ბუშტები,  გაშვებას და მსგავს აქციებს არავინ უშლიდა და ამის შემდეგ მოხდა პოლიციელებთან დაპირისპირება. დაკავებულია ერთი პირი, დაშავებულების შესახებ გავერკვევით" - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება 166 და 173 მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში