მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია რადიკალურ მოთხოვნას გადახედავს, რაც განმეორებით არჩევნების ჩატარებაში გამოიხატება ისინი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან და სხვა საკითხებზე საუბარი შეიძლება.
"საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იყოს შედეგიანი. ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს, მემგონი ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. მე ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ, რათა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს თუ პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომლებმაც დაავალეს მათ, რომ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა.
თუ მათ რიტორიკა ისევ იქნებათ ისეთი რადიკალური, როგორიც აქამდე იყო და მათი პირობა ისევ ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი ბუნებრივია ასეთ პირობებში კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ როგორც კი ამ წითელ ხაზს გადაკვეთავენ, მაგრამ პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია შემხვედრი წინადადებები იქნება ჩვენი მხრიდან.
თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის, ანუ ყველაზე რადიკალური პოზიციის ჩახსნაში ამ შემთხვევაში უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ისინი ბევრ თემას შეეხნენ და მათზე შეიძლება საუბარი, გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს.
მე მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდება ისეთი საკითხები რომლებზეც შესაძლებელი იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.