ქუთაისში, ,,ნამახვანჰესის'' მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

19 ნოემბერი 2020, 18:06 1313 ნახვა

ქუთაისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ „ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციის მიმდინარეობისას მათთან შესახვედრად არავინ მისულა. აქციის მონაწილეების თქმით, 105 მეტრიანი კასკადი მთელს დასავლეთ საქართველოს საფრთხეს უქმნის.

,,არ უნდა აშენდეს ეს ჰესი. იტბორება ჩვენი მშობლიური კუთხე. ძირავენ ქართულ ეკლესიებს, წინაპართა საფლავებს და არავინ პასუხის გამცემი არაა. რომ გასკდეს ის ჰესი მერე დაფარავს ქუთაისს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს,"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ,,ნამახვანჰესის'' წინააღმდეგ სოფელ ჟონეთში 25-ე დღეა აქციები მიმდინარეობს. 14 ნომებერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროტესტის მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. მოსახლეობის განცხადებით, ისინი აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება.

,,ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში, 22 ნოემბერს გაიმართება. "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ პროტესტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ინვესტორი, კომპანია „ენკა“ ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორცილების მიმართულებით. „მთლიანობაში, რასაკვირველია, კარგი არ არის, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტებს და ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო მიზანი გააჩნია, ისმის ხოლმე კითხვები, არის გარკვეული პროტესტის გამოხატვა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია სამუშაოებს ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

კომპანიში ამბობენ, რომ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გიგავატ სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი