ჩემი მეუღლის მკვლელობით სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი იყო დაინტერესებული, 12 წელი სამართალი ვერ ვიპოვე 

19 ნოემბერი 2020, 17:27 1377 ნახვა

2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. 23-ე ბატალიონის სერჟანტი 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში დააკავეს. იმავე დღეს კი ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ როინ შავაძე გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში მისულ ახლობლებს უთხრეს, რომ მისი ცხედარი პროზექტურაში იყო გადასვენებული. 

ციცინო შავაძემ  გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრის დროს ამბობს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად 12 წელი იბრძოლა.

''ახლა დამირეკა ადვოკატმა ჯერ არაფერი წამიკითხავს, რა უნდა ვთქვა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს პატრიოტს პატივს არავინ სცემს და დღემდე არავის გახსენებია. სავალდებულო იყო, რომ საზღვარგარეთიდან მოსულიყო ეს პასუხი? ნუთუ ამ ქვეყნის მოქალაქე არ იყო, რომ მის ქვეყანას დაეცვა და მთავრობას ეთქვა რამე. როგორ ვთქვა, რომ მიხარია? მას ხომ არაფერი დააბრუნებს, მაგრამ მოხარული ვარ რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა.  

მიზეზები ჰქონდა მთავრობას, იყო მებრძოლი, იყო ვაჟკაცი, არ იყო ხელქვეითი და ადვილად მოსაბრუნებელი. სამშობლოს სიყვარული თუ დანაშაული თუ იყო ეს არ ვიცოდი. 18 წლიდან ფორმა არ გაუხდია, რატომ მოხდა ეს, რისთვის? თუ დამნაშავე იყო რატომ ვერ დასაჯეს, დაესაჯათ კანონით და არა ისე წამებით მოეკლათ. ამასაც კი უარყოფდნენ, რომ წამებით იყო მოკლული. 

კარგი ის მთავრობა უნამუსო იყო, მაგრამ ახლანდელმა რა გააკეთა? მკვლელების მფარველები არიან? აბა 12 წელი რა გააკეთეს. ძალიან მტკივა გული. სამართალი ხომ უნდა დამდგარიყო. 

ხელახალი გამოძიებისთვის რამდენჯერ მივმართე, ყოველ მეორე თვეს, უამრავჯერ მივმართე. ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ეს მათ დაავიწყდათ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე და ვაჟკაცი გამოაცალეს ქვეყანას. საერთოდ  არაფერს გვეუბნებოდნენ, პირიქით ჩვენ გვკითხავდნენ. დაკითხულია 400 კაცი. არავითარი საბუთი დამამტკიცებელი არ არსებობს, არაფერი იყო დანაშაული და რა ექნებოდათ, მხოლოდ მათი შეცდომები'' - ამბობს ციცინო შავაძე. 

კითხვაზე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული?

'' ვინც იყო დაინტერესებული ჩემი მეუღლის მკვლელობით გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი, მეტი არავინ. იქედან მოდის. მათი დანაშაული ვიღაცაზე ხომ უნდა დაებრალებინათ. აიღეს ეს ვაჟკაცი რჩეული ბიჭები და აჩვენეს დანარჩენს, რომ თქვენ თუ რამეს იტყვით ამაზე უბედურად მოგექცევითო. მან იცოდა ისეთი რაღაცა, რომელიც მათ არ აწყობდათ და ომიდან დაბრუნებული ამბობდა მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირეს. აი ეს არ აპატიეს. ორჯერ მიბრუნდა და მიცვალებულები გამოიტანა. იქ დარჩენა უნდოდა და მოღალატე იყო? იქ ვერ დარჩებოდა? მიცვალებულები და დაჭრილები რომ ჩამოიყვანა? იმ მთავრობამ იცოდა, რომ ის არ გაჩერდებოდა და ეს არ აწყობდათ. იცოდნენ, ბიჭებისთვის უთქვამს და არის ჩანაწერები, რომ ყველა შევიკრიბებით, ყველაფერს ვიტყვით და ვერავინ ვერ გამაჩერებსო. წყალი არ დაულევია ისე მოკვდა, ყავა რომ მოვუხარშე მითხრა ვერ ვსვამო. ბიჭები ისე მოკვდნენ წყალი არ ქონდათ, რომ დაელიათ და მე ყავა დავლიოო? შოკში იყო, ძაან ცუდად იყო'' - ამბობს  გარდაცვლილის მეუღლე. 

ციცინო შავაძემ მეუღლის დაკავების და გარდაცვალების დღეც გაიხსენა.

''დღეს ომიდან დაბრუნებული სამხედრო ნიშნები არ ჰქონდათ, ბაზაზე რომ მივიდა შესვენებაზე გამოვიდა, ძველი ოქროს ბირჟის ტერიტორიაზე, სადაც სამხედროებისთვის ეს ნიშნები იკერებოდა და იქ აუყვანიათ. მანამ სანამ ამ ფაქტს გავიგებდი დამირეკეს, ბაზიდან შესვენებაზე გავიდა და არ დაბრუნებულაო, დღეს რომ ვფიქრობ ეს იცოდნენ და განგებ იმიტომ დამარეკინეს, ჩემი ბოლო ზარი იყო მასთან, ვკითხე თუ რატო იგვიანებდა სამუშაოზე და რატო მირეკავდნენ მე. ე.ი. ისინი ჩემი დახმარებით გავიდნენ კვალზე და დაადგინეს მისი სამყოფელი. იქ რომ აიყვანეს მერე უკვე ჩენ მთელი საგვარეულო, 4-5 მანქანა დავდიოდით და დავეძებდით ყველგან.

საღამოს გვითხრეს, რომ აიყვანეს და თბილისში წაიყვანეს.  საღამოს უბნის რწმუნებული მოვიდა და გვითხრა, რომ რესპუბლიკურში იყო რეანიმაციაში და იქ უნდა მივსულიყავით. იქ მისულს ძალიან ბევრი ფორმიანი დაგვხვდა, ის კი უკვე პროზექტურაში იყო გადასვენებული'' - ყვება ციცინო შავაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი