სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის მხრიდან, აქციაზე დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. განცხადება აღნიშნულის შესახებ სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
"2020 წლის 10 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან 2020 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა გ. მ. და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას"- აცხადებენ სამსახურში.