ნუ აჰყვებით ოპოზიციის დესტრუქციულ ძალებს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა - კახი კალაძე

09 ნოემბერი 2020, 12:22 909 ნახვა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, გუშინ აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა გამოიყენეს მაქსიმალურად რბილი მეთოდები.

კახი კალაძემ მოუწოდა მოსახლეობას ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ძალებს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.

"მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქისმალურად რბილი ძალის გამოყენებით. 

ჩვენ შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.

არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი თუ როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის არ არის სასიამოვნო საყურებელი თუ პოლიცია როგორ ხდება იძულებული მომიტინგეები წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი რომლის ხილვაც სურს ჩვენს მოსახლეობას.

ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს გააკეთა თავისი პოლიტიკური არჩევანი, მილიონობით ადამიანმა "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა ნდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას "ქართული ოცნება" დააკომპლექტებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ძალებს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონრეტულ უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვთ, მოვუწოდებ მათ დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების გადათვლის პროცესს და სამართლებრივი გზებით მოახდინონ საკუთარი პოზიციის დაცვა"-განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

"გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“,- განაცხადა კახი კალაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი