"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, წინა საარჩევნო წლებში ჰომოფობიური რიტორიკა ხშირად კონსერვატიული ამომრჩევლების მოსაზიდად გამოიყენებოდა.
მათივე დაკვირვებით, სასიხარულოა, რომ წელს ჩატარებულ კამპანიებში ჰომოფობიური თემები უმეტესწილად აღარ გვხვდებოდა.
"28 ოქტომბრის მდგომარეობით, რვა პარტია შეთანხმდა ხელი მოაწერონ ლგბტი+ უფლებების შესახებ პარტიათაშორის მემორანდუმს, რომელიც გმობს ჰომოფობიური ენის გამოყენებას არჩევნებში და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან ლგბტი+ პირთა უფლებები და უსაფრთხოება. ამ მიმართულებით წინსვლა აქ გაჩერდა, რადგან პარტიებს არცერთი ღიად ლგბტი+ კანდიდატი არ წარუდგენიათ. EMC-ს პარტიის პლატფორმების ანალიზის თანახმად, ქართულმა ოცნებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ლეიბორისტულმა პარტიამ თავიანთი პლატფორმების უმცირესობათა ჯგუფების ნაწილში არ მოიხსენიეს ლგბტი+ ადამიანები, ხოლო სხვა პარტიებმა, როგორიცაა ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი, ეს თემი მხოლოდ ზედაპირულად მოიხსენიეს. მათი უფლებებისა და ინტერესების აღიარების კუთხით კი ზოგიერთმა პარტიამ უფრო წინ წაიწია"- წერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.
ინფორმაციაში მოყვანილია პოზიტიური მაგალითიც.
"კიდევ ერთი პოზიტიური მოვლენა, წელს ლელოს, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღიარება იყო"- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, პარტიებმა მოწყვლად ჯგუფებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაონ პროგრამები, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტი+ ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. ასევე პარტიებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, შშმ პირებისა და ლგბტ+ ადამიანების ლიდერებად ჩამოყალიბებას და კანდიდატებად წარდგენას უნდა შეუწყონ ხელი.
მათივე განმარტებით, მომავალ საარჩევნო კამპანიაში პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ.