საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და ეუთო/ოდირის დელეგაციას, მის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა.
"მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. რეალურად შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორი სამზადისი იქნება შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე.
"საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ის პროცესები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად წარიმართება არჩევნების მეორე ტურამდე, შესაბამისად, მათ უკვე აქვთ სრული ინფორმაცია, თუ როგორი სამზადისი იქნება მეორე ტურების ჩათვლით და შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო.
"პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ასევე პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, მან საზოგადოებას თხოვნით მიმართა, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები.