გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან - კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 18:29 1403 ნახვა

''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. საუბარია მძევლების პირდაპირ ეთერში ჩართვაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზუგდიდში განვითარებულ პროცესებს ზოგიერთი პოლიტიკოსი სპეკულაციებისთვის იყენებს.

''ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის სურვილი მძევლების დროულად გათავისუფლებაა.განსაკუთრებული პასუხიმგებლობა მართებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი, საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებიათ. ეს არი პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც დიდი ხანია მიჩვეულები ვართ.

გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ყველას პასუხისმგებლობაა სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ მოქმედების საშუალება. ყველა კითხვას სამართალდამცველები გასცემენ პასუხს.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები. დამატებით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. 10-ზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით როგორც იურისტი'' - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი