ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 3 წლის ბავშვი. მცირეწლოვანის ოჯახის წევრები და ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან.
მათი თქმით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მათ განუცხადეს, რომ შესაბამის ოპერაციას აქ ვერ გაუკეთებენ და დაშავებული თბილისში გადაყვანას საჭიროებს.
ბავშვის ტრანსპორტირება ამ დრომდე არ მომხდარა. დაშავებული მცირეწლოვნის ახლობლები ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა მიზეზს ეუბნებიან, მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად თავისუფალი რეანომობილის არ არსებობა დასახელდა. როგორც პაციენტის ახლობლები განმარტავენ, სამედიცინო დაწესებულებაში ასევე უთხრეს, რომ ვერ მოიძებნა ექიმი, რომელიც ტრანსპორტს თბილისში გაჰყვება.
ბავშვის ახლობლები დახმარებას ითხოვენ, რათა 3 წლის ბავშვის თბილისის სპეციალიზირებულ საავადმყოფოში გადაყვანა უმოკლეს დროში მოხდეს.