ეპიდსიტუაციის მართვა საქართველოში

12 ოქტომბერი 2020, 11:45 1058 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში  53 კრიტიკული პაციენტია.

"კრიტიკული პაციენტების რიცხვი მატულობს, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ზოგადი პაციენტების რიცხვი მატულობს. დღეს-დღეობით 53კრიტიკული პაციენტია, ისინი განთავსებულია სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ცენტრალიზებული მონიტორინგი რეანიმატოლოგების მხრიდან აქტიურად ხდება, შეთანხმებული ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება და ისინი აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მიზნობრივი ტესტირების დროს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია.

''მიზნობრივი ტესტირების კუთხით ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. მსგავსი სახის კვლევების დროს გვაქვს ყველაზე კარგი გამოვლენა. მაგალითად დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არის ისევ წამყვან პოზიციაზე, ასევე ახალი კონტაქტები. ცხელების ცენტრებში და კლინიკებში ჩივილით მისული პაციენტებში საკმაოდ კარგი გამოვლენაა'' - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, აჭარაში კონტაქტების მოძიების კუთხით კარგი დინამიკაა. 

''აჭარაში 196 ინფიცირებული არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კმაყოფილები ვიყოთ, თუმცა, რადგან კონტაქტების მოძიების კუთხით საკმაოდ კარგი დინამიკაა აჭარაში, იმედი გვაქვს, მომდევნო ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში აჭარაში საგრძნობლად კარგი შედეგები გვექნება. აღსანიშნავია ის კომპონენტი, რომ კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს – ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე სოციალური დისტანცირება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები ყოველ 72 საათში გაიტესტებიან.

''სასწრაფოს ექიმები, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში,როგორც გამოვლენის პერიოდში,ასევე მანამ სანამ დადგინდება დიაგნოზი, ტესტირება რომელიც დღემდე იყო 2 კვირაში ერთხელ, ჩატარდება ყოველ 72 საათში. ვთვლით, რომ ეს დაგვეხმარება მედ-პერსონალის დაცვასა და ინფექციის არ გავრცელებაში"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი