ევროკავშირი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

05 ოქტომბერი 2020, 19:30 1131 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პიტერ სტანო, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც მიმართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვისკენ. ევროკავშირი და სხვა მთავარი დამკვირვებლები არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას შერჩევის პროცესის ხარვეზებთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნული კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის აუცილებელი დასკვნის გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებში იყო მოსალოდნელი. ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროცესისადმი საზოგადოების ნდობა გაზრდილიყო.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო შერჩევის პროცესის წესებს სამომავლოდ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ჭრილში.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების დაცვა არის საკვანძო საქართველოს სანდოობისთვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი