სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. უწყების ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი.
უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბებუამ 30 სექტემბერს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთი 1992-1993 წლის ომში ე.წ.გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, აფხაზური ე.წ.დროშა დაწვა. მისი თქმით,არ სურს, აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მტრები იყვნენ.