საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტი - შემოსავლების სამსახური

28 ნოემბერი 2025, 18:49 96 ნახვა

საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) თითქოს „ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის, სგპ. „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრევენციის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული რისკის პროფილების გამოყენებით ტვირთების ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა ფიზიკურ პირებს და კომპანიებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში