დღეიდან, 15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. განათლების მინისტრის განცხადებით, პირველ ოქტომბერს ეს პროცესი საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს.
"თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.