ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
შსს-ს ინფორმაციით, საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში უკვე დაიწყო.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.
სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ.