მსგავსი წვრთნები არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტი - პრემიერი

07 სექტემბერი 2020, 11:44 1115 ნახვა

"წვრთნა ქართული ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიღწევადი გახდეს"- ამის შესახებ პრემიერმა მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. 

„ღირსეული პარტნიორი 2020“ არის მნიშვნელოვანი გაგრძელება წვრთნების ციკლის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობის და მათი თავსებადობის ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფების. როდესაც მე აქ ვხედავ 2 ათას 800-მდე სამხედრო მოსამსახურეს, წარმომიდგენია, როგორი ეფექტიანი და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას გვესმის, რომ ის ცოდნა, რასაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, ჩვენ ერთობლივად გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.

 

წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარისკაცების მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში როგორც ევროკავშირის ეგიდით, ასევე აშშ-ის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები ჩვენს ჯარისკაცებს აძლევთ შესაძლებლობას, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათთან თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში