იურიდიული კომიტეტი ექსკურსიებისას სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო გადაყვანის წესებზე იმსჯელებს

29 აგვისტო 2020, 12:36 1303 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებს ეხება. კანონპროექტით  განისაზღვრება სკოლის მიერ ორგანიზებული სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით.

ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით და მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. მძღოლი ვალდებული იქნება, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე  მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობაც. საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმებიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი