იგეგმება თუ არა აჭარაში ზომების გამკაცრება - მინისტრის განმარტება 

12 აგვისტო 2020, 17:43 2161 ნახვა

მესტიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ზომების გამკაცრება და რა რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი მცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის. 

დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ღიად თქვეს, რომ თუ მოქალაქეების წესებს არ დაიცავენ, ვითარება გართულდება. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რისკები ზღვისპირა კურორტზე მომატებულია, მაგრამ კონტროლირებადი.  ნინო ნიჟარაძის თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები, როგორიცაა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხელის ხშირი დეზინფექცია.  

ვირუსის შეკავების დიდი წილი კი სწორედ მოსახლეობის მოქალაქობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. 

''რა თქმა უნდა რისკები მომატებულია შიდა და გარე ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზირებული იყო. შემთხვევების მატებასაც აქვს სტაბილური ხასიათი, მაგრამ აჭარაში რა შემთხვევებიც არის ყველას წყარო ცნობილია და სიტუაცია კონტროლირებადია. არის რისკები და ეს რისკები პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებულია მოსახლეობის ქცევაზე, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ ხდება ამ მექანიზმების უგულვებელყოფა.

როდესაც ეს წესები არ არის დაცული ღია სივრცეში ეს მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ როდესაც დახურულ  სივრცეში არ ხდება ნიღბის გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება ეს უკვე არის საგანგაშო. ამ დროს ინფექციის ჯგუფურად გავრცელებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. 

თუ გვინდა, რომ მივიღოთ ტურისტები და გვქონდეს მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც დღეს აჭარაშია. აუცილებელია მოსახლეობამ დაიცავს წესები. არ უნდა დაველოდოთ, რომ ვიღაცამ გააკონტროლოს. უბრალოდ შეუძლებელია იდეალური კონტროლი. არსებობს შრომის ინსპექცია, მერიის ზედამხედველობა, თუმცა  არ არსებობს ამდენი ადამიანური რესურსი და ძალა, რომელიც შეძლებს თითოეული მოქალაქის გაკონტროლებას. მთავარი ძალა არის მოსახლეობაში და მათ უნარ-ჩვევებში. პირად პასუხისმგებლობად უნდა აიღოს და თავს იცავდეს'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. 

ბათუმში დღეს კოვიდ ინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა იმპორტირებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში