მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა - მუნიციპალიტეტის დატოვების შემდეგ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ 

10 აგვისტო 2020, 15:04 2372 ნახვა

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მუნიციპალიტეტის დატოვების შემდეგ იქ მყოფ პირებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

''ბოლო ორი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა ინფიცირების 16 შემთხვევა. ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს მეირ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მესტიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე. 

დაბა მესტიასა და მესტიის სოფლებში: უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართიულებთ ასევე პირიქით. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა. სავალდებულოა დახურულ სივრცეში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

მესტიაში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, კორონავირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს სავალდებულო კარანტინს გაივლის.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს. რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს'' - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დამსვენებლების ნაწილს კარანტინის გავლა სვანეთში მოუწევს, არ არის გამორიცხული მათი ორგანიზებულად გადაყვანა სხვა რეგიონებში არსებულ საკარანტინო სივრცეებშიც. 

''ჩვენ პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომელიც სვანეთში მდებარეობს. მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დარჩნენ შიდა ტურისტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში იმყოფებიან. მათ მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა. საწყის ეტაპზე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ ადგილებში და სასტუმროებში, სადაც ამ ეტაპზე განთავსებულები არიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან. 

დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კავშირი იქონიონ უშუალოდ სასტუმროების მმართველ გუნდთან. მოხდება ეტაპობრივად კომუნიკაცია, რომ ადგილობრივად სვანეთში გაიარონ კარანტინი ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის საკარანტინო სივრცეებში'' - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი