იიუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება.
მოქალაქეებს დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა. სრული ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.psh.gov.ge
უწყების ცნობით, მოცემულ კრიტერიუმს იუსტიციის სახლის მესტიის ფილიალიც აკმაყოფილებს, მაგრამ ამ ფილიალში დაჯავშნის სისტემა შენარჩუნებული იქნება, ბოლო დღეებში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო.
რაც შეეხება ფილიალებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით, მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.
სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00-დან ღამის 12 საათამდე, შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურებით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.