ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ჯარიმების გამოწერას აპროტესტებენ და მერიის წარმომადგენლებს ვაჭრობის უფლებას სთხოვენ. ყვებიან, რომ ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ, თუმცა იქ მოქალაქეები პროდუქციის შესაძენად არ დადიან.
აქციის მონაწილეების თქმით, მაკონტროლებლები ყოველდღე აფრთხილებენ და რამდენიმე მათგანი 500 ლარით დააჯარიმეს, თანხის გადახდის საშუალება კი მათ არ აქვთ. ისინი მერიას ჯარიმების შემსუბუქებას და სავაჭროდ სხვა ალტერნატიული სივრცეების გამოყოფას სთხოვენ.
რამდენიმე მათგანმა გარევაჭრობისთვის გამოწერილი ჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
''ჩვენ რით ვაირსებოთ, თურქეთი დაკეტილია, როგორ მოვიქცეთ. დახმარებას ვითხოვთ და არავინ არ გვეხმარება. სხვა შემოსავლის წყარო არ გვაქვს. ოჯახები როგორ უნდა ვარჩინოთ. ამ პანდემიის პირობებში მაინც მოგვცენ გარევაჭრობის უფლება და ჯარიმებით ნუ გვაშინებენ. ჩვენ 500 ლარს ვერ გადავიხდით'' - უთხრა მაუწყებელს აქციის მონაწილემ.
ერთ-ერთი გარემოვაჭრე კი ყვება, რომ ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიიდან თითქმის ყველა წამოვიდა.
''როგორც კი მერიამ გარევაჭრობა აკრძალა, ავტოსადგურში გადავედი. ვაჭრობა საერთოდ არ იყო, ავტოსადგურის დირექტორმა ფულიც კი არ გამოგვართვა. ვიხდიდით მარტო 20 ლარს დაცვის თანხას. 5 თვის შემდეგ ბაზარი დავტოვე. დღეს იქ ალბათ 10 ადამიანია დარჩენილი. იძულებული ვიყავით იქ დავმდგარიყავით, სადაც პროდუქტს გავყიდდი. მანქანასა და მანქანას შორის ვიდექით. ეხლა გვითხრეს საერთოდ არ შეიძლებაო და გვაჯარიმებენ, მერიას დახმარებას ვთხოვთ'' - აცხადებს გარემოვაჭრე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ემუქრებიან კიდეც, რასაც აჭარის მაუწყებელთან უწყების წარმომადგენლები უარყოფენ. მათი თქმით, ისინი გარემოვაჭრეებს ყოველდღიურად აკონტროლებენ, პირველ ეტაპზე აფრთხილებენ, შემდეგ კი აჯარიმებენ, რადგან ქუჩებში გარევაჭრობა აკრძალულია.
აქციის მონაწილეებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მათი განცხადებით ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ არის და მოვაჭრეებმა მუშაობა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე უნდა გააგრძელონ. საკითხზე მუშაობენ და ახალი სივრცეების გამოჩენის შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდიან.
ამ წუთებში კი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, საკითხის გასარკვევად ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დაიბარა.
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურად შეზღუდვისთვის ფიზიკურ პირს 500, ხოლო იურიდიულ პირს 2000 ლარით აჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირს 3000, იურიდიული პირი კი 4000 ლარის გადახდა მოუწევს.