სოფელ ყარაჯალარში საპროტესტო აქცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს შორის შეთანხმებით დასრულდა. გადაწყდა, რომ ადგილობრივები მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე სარეალიზაციოდ თავად გაიტანენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი სოფელში სურსათი დარიგდება. სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნა მოითხოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ჩაკეტვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა, სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს კი, დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.