კირნათი ჰესის მშენებლობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა მარადიდში მცხოვრები რამდენიმე ოჯახისთვის კერძო საკუთრების იძულებით ჩამორთმევაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ დააკმაყოფილა. განჩინება მოსამართლემ ნუგზარ მგელაძემ ორსაათიანი პროცესის შემდეგ გამოიტანა, თუმცა მანამდე მხარეებს მორიგებისკენ არაერთხელ მოუწოდა. მარადიდში მცხოვრები ოჯახები მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან და ისინი მათი ქონების დათმობას ადეკვატური ანაზღაურების გარეშე არ აპირებენ. სხდომას ესწრებოდა ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელიც, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მოლაპარაკებები მოსახლეობასთან ადრეც მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება. მარადიდელები კი აცხადებენ, რომ მათთან განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში არავინ მისულა. ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გასულ წელს მიიღო.