უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნება.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ობიექტებს შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები შეამოწმებენ და მუშაობის ნებართვის აღების შემდეგ, ისინი ფუნქციონირებას დაიწყებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
''აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას'' - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს.
დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.
საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.