კურორტი ''გომარდული'' აქციონერებმა უკრაინელ ინვესტორს იჯარით გადასცეს 

06 ივლისი 2020, 12:56 5369 ნახვა

შუახევში, კურორტი გომარდული ერთ-ერთმა უკრაინულმა კომპანიამ ხუთწლიანი იჯარით აიღო - ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სააქციო საზოგადოება ''გომარდულის'' დირექტორმა დაუდასტურა. ჯემალ დარჩიძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულება, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაფორმდა. კომპანიის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან და ტურისტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობენ. 

კურორტი გომარდული წლების განმავლობაში დაყადაღებული იყო. ჯემალ დარჩიძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ინვესტორმა ვალის  გადახდის ვალდებულება აიღო, გაიწერა გეგმაც. მისი თქმით, საუბარი იყო საერთო ჯამში 60 000 ლარზე, რომელიც ეტაპობრივად დაიფარება.

ქონებას ყადაღა 2018 წელს მოეხსნა, ჩამოეწერა მილიონ სამასი ათას ლარამდე დავალიანებაც, თუმცა  პრობლემად დარჩა მიწის გადასახადი. გადასახადმა ათვლა თავიდან დაიწყო და თითქმის 60 000 ლარი გახდა. ხელახლა დაგროვილი დავალიანების გამო სააქციო საზოგადოება ისევ დააყადაღეს.

''გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ კურორტი გომარდული ტურიზმის სფეროში მოღვაწე ინვესტორმა 5 წლიანი იჯარით აიღო. ისინი აქ არიან და მუშაობენ. ამ ეტაპზე  ადგილობრივ დამსვენებლებს მასპინძლობენ, თუმცა სამომავლოდ გეგმავენ უფრო ფართო მასშტაბით იმუშავონ. მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო გაუქმებული ფრენები აღდგენა, ტურისტებს ელოდებიან უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. დაგეგმილი აქვთ ტურებში სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების ჩართვაც. მათ შორის ''გოდერძისაც''. რაც შეეხება ყადაღას. ის მოიხსნა. პიროვნებამ ვალდებულება აიღო დაფაროს სახელმწიფო დავალიანება, გაიწერა გადახდის გეგმა და 28 ივნისს 4000 ლარი უკვე გადაიხადა'' - უთხრა მაუწყებელს ჯემალ დარჩიძემ. 

​''გომარდული ზერგარდენი'' ეს არის კომპანია, რომელმაც კურორტზე მუშაობა დაიწყო. წარმომადგენელი ამბობს, რომ ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით მუშაობენ. ამ ეტაპზე კი ადგილობრივ დამსვენებლებს და ვიზიტორებს მასპინძლობენ. მისი თქმით, ისინი ფრენების აღდგენას ელოდებიან. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  კურორტი იჯარით გაიცა და ქვემოიჯარეს იგივე ვალდებულებები აქვს სახელმწიფოსთან, რაც სააქციო საზოგადოება ''გომარდულს'' ჰქონდა. მანამდე გახმოვანებული ინფორმაცია კი, რომელიც კურორტის გასხვისებას შეეხებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ''გომარდული'' არ გასხვისებულა. 

კურორტ გომარდულში 5 საოჯახო ტიპის სახლი და ერთი კვების ობიექტია. ადგილზე აშენებულია სათხილამურო სკოლა და არის 300 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა. 

''გომარდული'' 2011 წელს გაიხსნა, მუშაობდა 2012 წელსაც, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. გახსნიდან სამ წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება „გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს. 

კურორტი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, ბათუმიდან 65 კილომეტრში მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში