აჭარის სანაპირო ზოლში მაშველები უკვე გამოჩდნენ. პანდემიის მიუხედავად ბოლო დღეების განმავლობაში პლაჟზე ხალხის სიმრავლეა. სპეციალისტების რეკომენდაციით ზღვაზე ბანაობა საფრთხეს არ წარმოადგენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს აჭარაში 180 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 10 გოგოა. ასევე საჭიროების შემთხვევაში მზად ჰყავთ წყლის 10 მოტოსკუტერი, 6 ცალი გასაბერი ნავი ძრავით და სწრაფმავალი კატარღა „ბრიგი“ – 2 ერთეული.
აჭარის სანაპირო ზოლში მაშველების რაოდენობა წელს შემცირებულია. გასულ წელს პლაჟებზე სულ 250 მაშველი იყო. საგანგებო სამსახურში გვითხრეს, რომ პანდემიის გამო მათი რიცხვი შემცირდა, თუმცა თუ საჭირო გახდება დაამატებენ.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, წელს სეზონურ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი იზრუნებს.
უწყების ინფორმაციით, მაშველებს განახლებული უნიფორმებიც აქვთ.
''აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება'' - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გასულ წელს აჭარის სანაპიროზე 5 კოშკურა ბულვარის ადმინისტრაციამ დაამონტაჟა, ისინი განკარგვისთვის წელს საგანგებო სამსახურს გადაეცა. უწყების ცნობით, სულ აჭარის სანაპირო ზოლში სხვადასხვა ტიპის 67 სტაციონარული კოშკურაა.
მაშველები მოქალაქეებს სთხოვენ დაემორჩილოთ მითითებებს, არ იცურაონ აკრძალულ ზონებში და არ შევიდნენ ზღვაში შტორმის დროს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა. რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, ამ ეტაპზე ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია. ფრენების აღდგენა 1 აგვისტოდან იგეგმება.